როგორი ახალი “მე” შევქმენით დღეს

“ცვლილების საიდუმლო ენერგიის ფოკუსირებაშია, არა ძველთან ბრძოლისთვის, არამედ ახლის შენებისათვის“

მიმდინარე მოვლენებმა თითოეული ჩვენგანის რეალობა შეცვალა და ჩვენთვის უცხო გარემოში გვაიძულა ცხოვრების გაგრძელება. პრობლემები ჩვენი გუნდის წევრების ცხოვრებაშიც გამოჩნდა, თუმცა დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  –  „ჩვენ ჩავაბარეთ დისტანციური მუშაობის გამოცდა“.

მაკა მჟავანაძე (დამფუძნებელი, ტრენერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

გამოცდები და ექსპერიმენტები ჩემი მამოძრავებელი ძალაა. ნებისმიერ სიახლეს ვიღებ იმ მოცემულობით, რომელიც ჩემამდე შემოდის. როგორც კი დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი უნდა შეგვეჩერებინა და ჩვენი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი შეგვეცვალა, გადავწყვიტე, მეფიქრა, თუ რისი გაკეთება მომიწევდა და რამდენად ეფექტური ვიქნებოდი ამ საკმაოდ მკაცრი ცვლილების მიმართ. ქმედება, სწრაფვა და მიზანი არის ცვლილების მიღების და წარმატების საფუძველი. დრო ახლაც არ მყოფნის. ვფიქრობ, ვურთიერთობ, ვვითარდები და ვქმედებ.

საინტერესოა, როგორი ახალი “მე” შევქმენი დღეს…

თამარ ჭანკვეტაძე (ტრენერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

“ცვლილების საიდუმლო ენერგიის ფოკუსირებაშია, არა ძველთან ბრძოლისთვის, არამედ ახლის შენებისათვის “- სოკრატე. ეს სიტყვები შესანიშნავად აღწერს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ცვლილებებსა და გამოწვევებს, რომლებსაც ცხოვრება გვთავაზობს. ჩემთვის დისტანციური მუშაობა ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რადგან არასდროს მიყვარდა სახლიდან მუშაობა. ყოველთვის ვეძებდი ადგილს, სადაც დამხვდებოდა სამუშაო გარემო, რათა კომფორტულად მეგრძნო თავი. სამწუხაროდ, არასდროს მიფიქრია, რომ თვითონ შემეძლო საკუთარი თავისთვის შემექმნა ეს გარემო. დისტანციურმა მუშაობამ თავიდან სრულ კომფორტში ჩამაგდო, სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი დისკომფორტი. კომფორტის ზონიდან ვერ გამოვდიოდი, თუმცა გადავწყვიტე, რომ თვითონ შევქმნა ჩემი სამუშაო გარემო. დროა, ეს გამოწვევა გადავლახო და გავაგრძელო საკუთარი თავის დისტანციურად რეალიზება.

ილია ხუხუნაიშვილი (დიზაინერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

მსოფლიო, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. მე, როგორც გრაფიკულ დიზაინერს, მიჩვეული ვარ დისტანციურ მუშაობას. ჩემთვის ეს რეჟიმი კომფორტული და უფრო შრომისუნარიანია, რადგან ამ სფეროში საჭიროა ფიქრი და სიმშვიდე, რასაც სახლში ყოფნისას ვახერხებ და ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ყველაფერი დისტანციურად ვერ გაკეთდება, თუმცა რაც შესაძლებელია გაკეთდეს და არ კეთდება ამგვარ რეჟიმში, შესაძლოა, უკეთესი შედეგიც გამოიღოს და ეს იქნება რაღაც ახლის დასაწყისი.

ვანო ქავთარაძე (ტრენერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

დღეს ყველა ჩვენგანი დადგა დიდი გამოწვევების წინაშე, რომლის შემოქმედიც ჩვენ თავად არ ვართ. ჩემ შემთხვევაში, მთელი ყურადღება თვითდისციპლინისაკენ და საკუთარი კომპეტენციების გაღმავებისაკენ მივმართე. მიმდინარე გამოწვევას შემდეგნაირად გავუმკლავდი: გავწერე დღის გეგმა, რაც დამეხამრა პროდუქტიულობის შენარჩუნებაში. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს გუნდის წევრებთან, რადგან სანდოობა ზრდის გახსნილობას, რასაც მოაქვს კრიზისული სიტუაციების გადალახვის უნარი ურთიერთთანამშრომლობით, რასაც ჩემს კომპანიასთან ერთად მუდმივად ვახერხებ.

მარიამ ამირანაშვილი (HR მენეჯერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

დისტანციურად მუშაობას ზოგმა შეიძლება სკეპტიკურად შეხედოს, მეც ასე ვუყურებდი, თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.  დისტანციური მუშაობის მოდელთან მარტივად გავიარე ადაპტაცია და მივხვდი, რომ თვითდისციპლინა ნებისმიერი ადგილიდან ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. სახლიდან მუშაობის ეფექტის მაქსიმიზაციისთვის: მოვაწყე ადგილი, საიდანაც შევძლებ მუშაობას, გავხდი საკუთარი თავის მენეჯერი და  გამოვყავი სამუშაო დრო. “სოციალური დისტანცირება” დღესდღეობით ყველასათვის ნორმა ხდება, დისტანციურად მუშაობაში არ მექმნება ბარიერები, თუმცა უპირატესობას მაინც არავირტუალურ ურთიერთობებს ვანიჭებ და ოფისიდან მუშაობა ბევრად კომფორტულია ჩემთვის.

მაია გულისაშვილი (სოციალური მედიის მენეჯერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

ბავშვობაში, ჩემს წარმოდგენაში, კარანტინს შოკოლადის ნამცხვრისა და ჟოლოს მურაბიანი ჩაის სუნი ჰქონდა, ანუ ყველაფერი იმის,  რასაც სახლში ყოფნისას დედაჩემი მოამზადებდა. რეალური კარანტინის დაწყებისთანავე ქალაქს გამოვასწარი და იზოლაციის დღეებს დუშეთში, ჩემს საყვარელ ბავშვობის სახლში ვატარებ. ყოველ დილით აივანზე, სუფთა ჰაერზე გავდივარ, გამაქვს ჩემი ლეპტოპი და ვიწყებ მუშაობას. შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით პროდუქტიული გავხდი, გაცილებით მობილიზებული ვარ და ყველაზე სერიოზულ დავალებებსაც კი ყოველგვარი სტრესის გარეშე ვასრულებ. თავისუფალი დროც ბლომად მრჩება. მეც ვიღებ ბარს, სარწყავს, ვიცვამ წითელ ბოტებს და ფერმერივით დავაბოტებ ამწვანებულ ბოსტანში. ახალმა რეალობამ უამრავ რამეზე დამაფიქრა და შესაძლოა, ჩემი სამომავლო მიზნებიც სრულიად შევცვალო.

მადონა ქეშიკაშვილი (ტრენერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რაც გაგვაჩნია. ჩემთვის ეს უბრალოდ ფრაზა არ არის, ჩემი ცხოვრების ნაწილია. მუდმავად ვცდილობ, ვიპოვო ან შევქმნა ბალანსი იმ მრავალფეროვან ინტერესებს შორის, რაც მაქვს. ვადგენ დღის გეგმას, შემდეგ ვცვლი ჩემივე გეგმას და ვადგენ ხელახლა, ასე გრძელდება დაუსრულებლად. მუდმივად მაქვს დროის უკმარისობის შეგრძნება და მეჩვენება რომ 24 საათი ძალიან ცოტაა. დისტანციური მუშაობა ჩემთვის კომფორტულია, რადგან პირდაპირ მოქმედებს ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე – დროზე. დისტანციური მუშაობის შედეგად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გამიჩნდა თავისუფალი საათების მარაგი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები.

თათია ბაზაძე (დიზაინერი)

“მე ჩავაბარე დისტანციური მუშაობის გამოცდა”

უკვე სამი წელია, დიზაინერების უმრავლესობის მსგავსად, მეც დისტანციურად ვმუშაობ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, თითქმის, არაფერი შეცვლილა. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ დისტანციურ მუშაობას ჩემ შემთხვევაში უფრო მეტი პლიუსი აქვს, ვიდრე მინუსი. ვარ ბევრად პროდუქტიული, და დროსაც უფრო რაციონალურად და მოხერხებულად ვანაწილებ.