6 აუცილებელი თვისება, რომელიც კარგ ლიდერს უნდა ახასიათებდეს

შესაძლოა სამსახურში ან ცხოვრებაში გარკვეულ ძალაუფლებას ფლობთ და გუნდის მეთაურადაც ითვლებით, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ წარმატებული ლიდერი ხართ. როგორც ჯონ მაქსველი ამბობს, კარგმა ლიდერმა ყოველთვის უნდა იცოდეს გზა, მიჰყვეს ამ გზას და თანაგუნდელებსაც უჩვენოს მიმართულება. კარგი ლიდერი არამარტო მითითებებს აძლევს გუნდის წევრებს, არამედ მათთან ერთად ეძებს გამოსავალს და შედეგამდეც გუნდთან ერთად მიდის. იყო კარგი ლიდერი – ნამდვილად არ წარმოადგენს დაბადებიდან ბოძებულ ნიჭს. იყო კარგი ლიდერი – ეს არის საკუთარ თავზე მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე. როგორც ლიდერობისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის პროფესორი, რონალ რიჯიო ამბობს, 1/3 იბადება ლიდერად, დანარჩენი 2/3 კი შემდგომში ყალიბდება.

თუ თქვენი მიზანია, გახდეთ წარმატებული ლიდერი, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი 6 ძირითად უნარ-ჩვევას და საკუთარ თავზე მუშაობა დღესვე დაიწყოთ.

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

მართალია, კომუნიკაცია ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა მას გუნდის ეფექტური მუშაობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც წესი, სამსახურში წარმოქმნილი პრობლემების უმეტესობა კომუნიკაციაში გაჩენილ ხარვეზებს უკავშირდება. კომუნიკაციის კარგი უნარი არამარტო ლიდერის გამართულ საუბარში გამოიხატება, არამედ მის უნარში მოუსმინოს გუნდის წევრებს და სწორად დასმული კითხვების საშუალებით კომუნიკაციას სათანადო მიმართულება მისცეს.

კარგი ლიდერი ეფექტური კომუნიკაციის საშუალებით ცდილობს თანაგუნდელებთან კავშირის დამყარებას, ახალი იდეებით მათ შთაგონებას და დარწმუნებას, რომ სწორად გადადგმული ნაბიჯებით აუცილებლად მივლენ წარმატებამდე. შესაბამისად, კარგი ლიდერი თანამშრომლებთან ურთიერთობისას ყოველთვის აცნობიერებს სწორად შერჩეული ტონის, სიტყვებისა და მიმართვის ფორმის მნიშვნელობას.

  • პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული

„კარგი ლიდერი არ ცდილობს ვინმე დაადანაშაულოს, არამედ ეძებს გამოსავალს“ – ამბობს ამერიკელი მილიარდელი, ჰენრი ფორდი. კარგი ლიდერი ყოველთვის უნდა ეძებდეს კრიტიკული მომენტიდან გამოსავალს. ლიდერის მთავარი ამოცანაა, ლოგიკურად გააანალიზოს პრობლემური სიტუაცია, გაითვალისწინოს როგორც კომპანიის, ასევე თანამშრომლების ინტერესები და სწრაფად იპოვოს პრობლემის მოგვარების გზები.  მანევრირების სწრაფი უნარი ლიდერს ეხმარება შთაბეჭდილება მოახდინოს გუნდზე, მოიპოვოს თანამშრომლების ნდობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებაში.

  • ურთიერთობების უნარი

წარმატებული ლიდერი ყოველთვის ახერხებს შექმნას და ხელი შეუწყოს ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას როგორც გუნდის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ჯანსაღი ურთიერთობების შენებისას წარმატების გასაღები ხელმისაწვდომობაშია. კარგი ლიდერი ყოველთვის გახსნილი უნდა იყოს თანამშროლებთან ურთიერთობისთვის. სულ მცირე ყურადღების გამოჩენა კოლეგების მიმართ და მათი საქმიანობის დაფასება თანამშრომლებში აუცილებლად გამოიწვევს განცდას, რომ თითოეული მათგანი ლიდერისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს კომპანიაში.

  • შეფასების სწორი უნარი

თანამშრომლებისთვის წამახალისებელი და კონსტრუქციული შეფასების მიცემა დაგეხმარებათ, ზღვარი გაავლოთ კომპანიის მიერ მიღწეულ წარმატებასა და მარცხს შორის.  სწორი შეფასების უნარი ლიდერისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა ამავდროულად წარმატებული ლიდერი ღია უნდა იყოს თავისი გუნდის წევრებისგან მიღებული, თუნდაც ნეგატიური შეფასებებისთვისაც. არ აქვს მნიშნელობა რამდენად კარგი ხართ. ყოველთვის არსებობს რაღაც, რაშიც განვითარება და გაუმჯობესება გჭირდებათ. თქვენი უნარი, პოზიტიურად შეხვდეთ ნებისმიერი ტიპის შეფასებას და საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქროთ, ნამდვილად დაგეხმარებათ თანამშრომლებისთვის ლოიალურ და პატივსაცემ ლიდერად დარჩეთ.

  • სანდოობა

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნდობის ფაქტორი ბიზნესის წარმატების საფუძველს წარმოადგენს. ლიდერის თვისებები, როგორიცაა სამართლიანობა და პატიოსნება აუცილებლად დაგეხმარებათ შეკრული, ერთიანი გუნდის ფორმირებაში.

  • თანაგრძნობის უნარი

გუნდის წევრების მიმართ გამოხატული თანაგრძნობა ლიდერისთვის ყველაზე სასურველ უნარ-ჩვევას წარმოადგენს. თანაგრძნობის გამოხატვა საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიცნოთ თითოეული თანამშრომელი და დაეხმაროთ მათ სამუშაო პროცესში წარმოქმილი პრობლემების მოგვარებაში. რაც მთავარია, თანაგრძნობის გამოხატვის უნარი მეგობრული, პროდუქტიული და ბედნიერი სამუშაო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.