როგორ გავხდეთ წარმატებული მენეჯერი…

რა ქმნის ადამიანს წარმატებულს და რატომაა, რომ წარმატებული ადამიანები ყოველთვის დიდ კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაში?

ყველა გზა თუ საშუალება, რომელსაც ადამიანები საკუთარი თავის განვითარებისთვის იყენებენ შეგვიძლია მოვაქციოთ – „თვითმენეჯმენტში“. რაც შეეხება თვითმენეჯმენტს, ეს არის რესურსის, შესაძლებლობების, არსებული გამოწვევებისა და მომავლის ხედვის ეფექტურად გამოყენება. თვითმენეჯმენტში მინდა გამოვყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, რათა საკუთარი საქმე უკეთ შეასრულოს და საბოლოოდ თავისი შრომით კმაყოფილი დარჩეს. ეს საკითხებია:

  1. დროის მენეჯმენტი;
  2. პასუხისმგებლიანობა საქმის მიმართ;
  3. გეგმა – დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოსთვის;
  4. ფიქრი იმაზე, თუ ვინ ხარ დღეს და ვინ გინდა რომ იყო მომავალში;

ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებიდან, რომელიც ეფექტური თვითმენეჯმენტისთვისაა საჭირო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან კონკრეტულ გეგმებს, თუ რა უნდა აკეთონ დღის განმავლობაში და ამით კმაყოფილებიც არიან. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში შესასრულებელ სამუშაოს გეგმის გარეშეც ასრულებენ და წარმატებასაც აღწევენ. მაგრამ დაზუსტებით ვერ შევძლებთ ვისაუბროთ, თუ რომელი ხერხი სჯობს, რადგან ეს საკითხი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს თვითმენეჯმენტის საკუთარი მოდელი შეუძლია შექმნას.

მინდა, ცოტა გადავუხვიო და აქცენტი გავაკეთო იმაზე, თუ როგორია ჩემი თვითმენეჯმენტი და რა არის ამ ყველაფრის საფუძველი. მაქვს მიზანი, რომ ვიყო მენეჯერი, რასაც დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება. გადავწყვიტე, საკუთარი თავის თვითშეფასება გამეკეთებინა ე.წ. SWOT ანალიზით. ვეძებ საკუთარ თავში, თუ რომელი ძლიერი მხარეები მაქვს და ვცდილობ, კიდევ უფრო გავაძლიერო. ვეძებ სუსტ მხარეებს, რომელიც უნდა გადავწონო უკეთესობისკენ. ვიკვლევ შესაძლებლობებს, რაც აუცილებლად საჭიროა ჩემი პიროვნული განვითარებისთვის. ვიკვლევ საფრთხეებს, რომლის შემცირებას ვცდილობ საკუთარი ძალებით. ეს კი შესაძლებლობას მაძლევს, უფრო თავდაჯერებლი და რისკიანი გავხდე, რაც ჩემი აზრით წარმატების აუცილებელი პირობაა. ასევე მინდა ვისაუბრო ჩემს სისუსტეებზე, რაც მქონდა და ალბათ ახლაც მაქვს. ეს არის საკუთარი თავის დაბალი თვით შეფასება, რაც საშუალებას არ მაძლევდა გამომეთქვა საკუთარი აზრი, ან თუნდაც იმ თემაზე მესაუბრა, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად ნაცნობი იყო და ამ საკითხში კომპეტენტური ვიყავი. ამის პარალელურად დავიწყე გეგმის შედგენა დღის განმავლობაში განსახორციელებელ საქმეების, რაც დღის ბოლოს კმაყოფილების გრძნობას მიქმნის.

ვებრძვი სიზარმაცეს სხვადასხვა გზებით: ვუსმენ წარმატებული მენეჯერების სამოტივაციო გამოსვლებს, ვცდილობ ყოველი დღე ახალი თემის გაცნობით დავიწყო. ვკითხულობ წიგნებს, რათა არ მოვდუნდე, ვცდილობ დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და ცნობილი არიან თავიანთი შრომისუნარიანობით და გამჭრიახი გონებით. ასევე ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კითხვა დავსვა. ბევრი კითხვის დასმა ჩვენს რეალობაში თითქოს უცოდინარობას უსვამს ხაზს. დიახ, ვამბობ, რომ არ ვიცი საკითხი და არ ვიხევ უკან მანამ სანამ ჩემს კითხვაზე პასუხს არ მივიღებ. ვსახავ გრძელვადიან მიზნებს, რომლის მთავარი მოტივია ჩემთვის სასურველ მენეჯერს დავემსგავსო.

ბოლოს მინდა დავამთავრო ზიგმუნდ ფროიდის გამონათვამით: „ერთადერთი ადამიანი ვისაც შენ უნდა გაეჯიბრო, ხარ შენ წარსულში და ერთადერთი ადამიანი ვისაც შენ უნდა აჯობო ხარ შენ დღეს“ – ეს არის იდეა, რომელიც უნდა ედოს საფუძვლად თვითმენეჯმენტს, რათა სწორად შევაფასოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.