როგორ გავლენას ახდენს მუსიკა ჩვენს ქმედითუნარიანობაზე

რა არის მუსიკა ან როგორ მოქმედებს ის ჩვენს გრძნობებზე? ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ცივ სიჩუმეში მუსიკის ჰანგებს გაუჟღერია და ირგვლივ მოწყენილი გარემო გამოუცოცხლებია. საინტერესოა, რატომ ხდება ასე? რატომ გვაცოცხლებს? რატომ მოქმედებს მუსიკა ჩვენზე? მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკა ჩვენს ტვინსა და ფსიქიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ჩვენ მიერ მუსიკის ჰანგების აღქმა.  მუსიკა ტვინს ასტიმულირებს და აცოცხლებს უჯრედებს. არსებობს რამოდენიმე თეორია, რომელიც ამტკიცებს მუსიკის დიდ როლს ჩვენს ცხოვრებაში. მუსიკა არ არის მხოლოდ გასართობი საშუალება. ეს არის წამალი ჩვენი სხეულისა და გონებისთვის.

ჩვენ გვაქვს უნარი, გავიგოთ კონკრეტული მუსიკა სევდიანია თუ მხიარული, თუმცა ეს არ  ხდება მხოლოდ სუბიექტურად, სინამდვილეში ჩვენი ტვინი სხვადასხვანაირად რეაგირებს სევდიან და მხიარულ მუსიკაზე. მხიარული და სევდიანი მუსიკის პატარა ფრაგმენტმაც კი შეიძლება ჩვენზე დიდი გავლენა იქონიოს. არსებობს მუსიკასთან დაკავშირებული ორი ემოცია: აღქმითი და შეგრძნებითი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ და გავიგოთ რა ემოცია მოდის მუსიკიდან, თუმცა არ ვიგრძნოთ, რაც ხსნის იმას თუ რატომ შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანისთვის სევდიანი მუსიკა იყოს სასიამოვნო და არა დეპრესიული. 

მუსიკის და ემოციის მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ დამტკიცდა. ემოციას მოაქვს მუსიკა და ასევე მუსიკას მოაქვს ემოცია. ადამიანები რაიმე კონკრეტულ მოვლენებს ემოციების განცდის შედეგად იმახსოვრებენ. ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ის ემოცია, რომელიც ყოველდღიურად გვამახსოვრდება. მუსიკა ამ ემოციებს უფროდაუფრო გვიმძაფრებს და ხაზს უსვამს ჩვენს გრძნობებს წარსულში მომხდარი მოვლენისადმი. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი არის იაკობ გოგებაშვილის, „იავნანამ რა ჰქმნა“, როდესაც პატარა ქეთომ დედა იავნანას შესრულების შემდეგ გაიხსენა. მან ის ემოცია გაიხსენა, რომელსაც ბავშობაში გრძნობდა, მაშასადამე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიდ გავლენას ახდენს ჩვენს არაცნობიერზე. მუსიკის ჟღერადობა ჩვენი ტვინის უბნებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მოტორულ ქერქში ვითარდება – მოძრაობა, ცეკვა, ინსტრუმენტებზე დაკვრა, ხოლო პრეფრონტალური (შუბლის წინა) ქერქი- მოლოდინების შექმნა და დაკმაყოფილება.

საინტერესოა, როგორ მოქმედებს მუსიკა ჩვენს ქმედითუნარიანობაზე? ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკის მეშვეობით ჩვენი ტვინი ქაოსურ სიტუაციაში მარტივად ახერხებს კონცენტრირებას. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ხმამაღალი მუსიკის მოსმენის შედეგად ტვინის მარჯვენა ჰემისფერო აქტიურ მოქმედებას იწყებს. ამ დროს კრეატიულობის უნარი უფრო მეტად ვითარდება.

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკას ოდითგანვე სამკურნალოდ იყენებდნენ. ჰიპოკრატე, თეოფრასტე, ცელსიუსი, აურელიანუსი და ა.შ. სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას.  საინტერესოა, როგორ მუსიკას უნდა მოვუსმინოთ, რათა ჩვენს ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედოს? არსებობს  სხვადასხვანაირი ჟანრები. თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩვენს ტვინზე. კლასიკური მუსიკა აჩქარებს და აუმჯობესებს ინფორმაციის გადამუშავების პროცესს, ასევე გავლენას ახდენს სხვა ინტელექტუალურ პროცესებზე.

ფსიქოლოგი ემა გრეის აზრით, პოპ-მუსიკა მეხსიერებას ააქტიურებს და ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრებას უწყობს ხელს. მისი აზრით, ემოციური სიმღერები მსმენელზე დიდ მღელვარებას იწვევს, რომლის მეშვეობითაც ადამიანს უადვილდება ხელოვნების  სხადასხვა დარგებში მოღვაწეობა.

ბლუზი და ჯაზი ამაღელვებელ განწყობას ქმნის. მათი დახმარებით ყველაზე დეპრესიული ადამიანიც კი ხალისდება. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ როდესაც ადამიანი რითმს ყვება, ტვინს უსაზღვრო ენერგია მიეწოდება და თითქოს აცოცხლებს მას.

ქაოისიდან თავის დასაღწევად ყველაზე მარტივი საშუალება წყნარი მუსიკის მოსმენაა.

მუსიკა ბგერის სილამაზის ხელოვნებაა. ის იმაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს არის 12 ნოტისგან შემდგარი ჰანგები, რომელიც დედამიწას აცოცხლებს.

ავტორი: თამარ ჭანკვეტაძე