როგორია თვითრეალიზებული ადამიანი აბრაამ მასლოუს მიხედვით?

ის არის შესაძლებლობებით სავსე ადამიანი, რომელსაც გააჩნია ამოუწურავი რესურსი. როგორი არის თვითრეალიზებული ადამიანი? გთავაზობთ თვისებების ჩამონათვალს, რომელიც მას გააჩნია.

თვითრეალიზებულ ადამიანს რეალობის აღქმის უნარი გაღრმავებული აქვს და შესაბამისად, რეალობას სხვა ადამიანებთან შედარებით გაცილებით ობიექტურად ხედავს.

მას ახასიათებს მიმღებლობა საკუთარი თავის და ასევე მისგან განსხვავებული ადამიანისაც. მის ქცევაში ხშირად შეიმჩნევა სპონტანურობა, რაც უფრო მეტად ბუნებრივს ხდის და გულწრფელ ადამიანად წარმოაჩენს მას გარემოში.

თვითრეალიზებული ადამიანები უფრო მეტად არიან ფოკუსირებულნი პრობლემებსა და გამოწვევებზე საკუთარ ცხოვრებაში და მათი გადაჭრის გზებზე. ისინი აფასებენ მარტოობას, რადგან აფასებენ ამ მომენტს ჭვრეტისა და ფიქრისთვის.

თვითრეალიზებულ ადამიანებს აქვთ მზარდი ავტონომია და ინდივიდუალურობა. ისინი არ გრძნობენ თავს მსხვერპლად ცხოვრებაში. ისინი იღებენ მთელ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, თუ როგორ ვითარდება მათი ცხოვრება და ამაში სხვებს არ ადანაშაულებენ.

თვითრეალიზებული ადამიანი უფრო მდგრადია, უფრო გამძლეა სოციალური წნეხის მიმართ, ვიდრე სხვა ადამიანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი წარმოგვიდგებიან როგორც კულტურის გამზიარებლები, გამტარები და არა ამ  კულტურის უკრიტიკოდ მიმღებნი.

თვითრეალიზებული ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს, მაშინაც კი, როდესაც ის არაპოპულარულია. მათ არ სჭირდებათ საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება სხვებისათის, რადგან კარგად იცნობენ საკუთარ რესურსებს.

თვითრეალიზებულ ადამიანებს აქვთ ძლიერი მხნეობა, დაფასების და მადლიერების გრძნობა. რაც ამდიდრებს მათ ემოციურ რეაქციებს.  ისინი არ არიან ჩაკეტილები თავიანთ თავში, პირიქით, ისინი არიან გახსნილები ახალი გამოცდილებისთვის და ემოციებისთვის.

თვითრეალიზებულმა ადამიანებმა გააუმჯობესეს ინტერპერსონალური ურთიერთობები. მათ უკეთესად შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევებს და წინააღმდეგობებს და მართონ თავიანთი ურთიერთობები.

თვითრეალიზებულ ადამიანებს აქვთ უფრო დიდი, გაზრდილი შემოქმედებითობა. ასე რომ, ისინი უფრო კრეატიულები არიან. მათ სურთ ორიგინალური იდეების განხორციელება, მიდიან იმ გზით, საითაც ჯერ არავის ჰქონია გავლის სურვილი.

თვითრეალიზებული ადამიანები მუდმივად ერთიანობისა და ინტეგრაციისაკენ მოძრაობენ. ინარჩუნებენ რა თავიანთ პიროვნულობას, აზიარებენ გარემოში იმას, რისი დანაკლისიც აქვთ და ამით აბალანსებენ და ჰარმონიაში მოჰყავთ ქაოსური მდგომარეობები.

თვითრეალიზებულ ადამიანებს აქვთ სხვა ადამიანების მიმართ უპირობო მიმღებლობა და მათთვის ადამიანი არის მიზანი და არა საშუალება.

თვითრეალიზებული ხალხი უფრო მოსიყვარულეა. ისინი ნაკლებ სიყვარულს მოითხოვენ, მაგრამ შეუძლიათ მეტი სიყვარულის გაცემა.

თვითრეალიზებულ ადამიანებს აქვთ ძლიერი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. თვითრეალიზებული ადამიანი თავისი მიზნით ცხოვრობს და ამით საკუთარ მისიას ქმნის. ისინი თავიანთ დროს და შრომას ძვირფას რესურსად მიიჩნევენ, ამიტომ მათი საქმე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თვითრეალიზებული ადამიანები მონაწილეობენ მსოფლიოს გაუმჯობესებაში. მათ არ სურთ მხოლოდ საკუთარი თავის მოვლა და ზრუნვა, მათ უნდათ წვლილი შეიტანონ მსოფლიოში უკეთესობისაკენ განვითარებაში.

თვითრეალიზებული ხალხი მზად არის აღიაროს და შეცვალოს შეცდომები, რადგან თავს სრულყოფილად არ თვლიან, ამიტომ იღებენ ჯანსაღ უკუკავშირს და ამით მათ სურთ საკუთარ თავზე იმუშაონ.

თვითრეალიზებულ ადამიანებს შეუძლიათ აგრესიისა და უკმაყოფილების გამოხატვა ჯანსაღი გზით. ისინი ამას გამოხატავენ, როგორც სამართლიან აღშფოთებას და არა როგორც ფიზიკურ შეურაცხყოფას.

თვითრეალიზებული ადამიანები ცხოვრობენ დღევანდელ აწმყოს მომენტში, ისინი არ არიან ორიენტირებულნი წარსულზე  და არც  შორეულ მომავალზე.

და ბოლოს, თვითრეალიზებული ადამიანები უფრო ცნობიერ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი, ზოგადად, ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს, მუდმივად პოზიტიურ მდგომარეობაში იყვნენ.

ავტორი: ვანო ქავთარაძე