რას ვაკონტროლებთ ცვლილებების დროს საკუთარ ცხოვრებაში?

ღმერთო მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და მომეცი გონიერება, რომ გავარჩიო ერთი მეორისგან“ სოლომონ ბრძენი.

ცვლილება ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. ცვლილებების დროს ვგრძნობთ წუხილს იმაზე, რაც დავკარგეთ და შიშს იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში. კიდევ ერთი ძლიერი ემოცია, რაც გვიჩნდება, ეს უმწეობაა. იმის გაცნობიერება, რომ სამუდამოდ არაფერი გრძელდება, ბედნიერების და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი გასაღებია. ცვლილების დროს, განსაკუთრებით, თუ ეს ცვლილებები გლობალურია, ადამიანებს შიში იპყრობთ. შიში იმისა, რომ დაკარგავენ სიტუაციაზე კონტროლს, ხდებიან ნაკლებად თავდაჯერებულნი და საკუთარი ძალების რწმენაც უმცირდებათ. ეს ბუნებრივი რეაქციებია, მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ შევძლოთ, ცვლილებების დროს შევინარჩუნოთ სიმტკიცე და გავუმკლავდეთ გამოწვევებს? პასუხი მარტივია, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვსაზღვროთ რისი კონტროლი შეგვიძლია და რისი კონტოლი არ შეგვიძლია. ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა, რადგან ისინი ვერ აცნობიერებ და ვერ იღებენ იმ ნივთებს ან გარემოებებს, რომელთა შეცვლაც არ შეუძლიათ, ეს იწვევს ზედმეტ იმედგაცრუებას, უკმაყოფილებას და სტრესს. გამოსავალი
შემდეგია: ჩვენ უნდა დავუთმოთ დრო და ენერგია ჩვენი ცხოვრების იმ სფეროებს, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია და მივიღოთ ის, რაც არ შეგვიძლია.

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რომლის კონტროლი ჩვენს ხელთაა, თუ არ ვართ კმაყოფილი მათით. მაგალითად, თუ ახალი ენის შესწავლა გვინდა, ამის შეცვლა შეგვიძლია. თუ ჩვენი სამსახური არ მოგვწონს, ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა. თუ არ ვართ ბედნიერი გარკვეულ ურთიერთობაში ყოფნის დროს, შეგვიძლია ამის შეცვლა. თუ გვინდა, მეტი მეგობრები გვყავდეს, შეგვიძლია ამის შეცვლა. არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.

ცხოვრება სავსეა დავალებებით, რომლის შესრულებაც გვინდა ან გვიწევს, იმის მიუხედავად შესაბამისობაშია თუ არა ისინი ჩვენს ოცნებებთან. ჩვენ ვერ შევძლებთ ვაკონტოლოთ ყველაფერი საკუთარ ცხოვრებაში, ვერ შევძლებთ ვაკონტოლოთ ან ჩვენი სურვილის მიხედვით დავგეგმოთ ცვლილებები. ცხოვრების გარკვეული ნაწილის დაგეგმვა შესაძლებელია, მაგრამ არა ყველაფრის. ჩვენ არ გვაქვს კონტროლი ამინდზე, ბუნებრივ კატასტროფებზე, საყოველთაო პანდემიაზე და სხვა გლობალურ საკითხებზე. შეიძლება ვერ გავაკონტროლოთ, როდის ან როგორ მოხდება ეს ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, მოვამზადოთ და გავაძლიეროთ საკუთარი თავი ცვლილებებთან შესახვედრად.

ყველაფრის ფონზე, რომლის შეცვლაც არ შეგვიძლია, ადვილია თავი სუსტ და უმწეო ადამიანად ჩავთვალოთ, მაგრამ როდესაც ვფოკუსირდებით აწმყოზე და იმაზე რისი კონტროლიც ჩვენს ხელშია, ეს მოგვცემს ენერგიას და თავდაჯერებულობას მოქმედებისკენ.

გარკვეული დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, თუ რაზე გაქვთ კონტროლი და რა ქმედებები შეგიძლიათ დაგეგმოთ და განახორციელოთ ამ სფეროებში. თუ თქვენ დაიწყებთ ფიქრს თქვენთვის სასურველ გეგმებზე და მთელი ენერგიას და ყურადღებას მათი შესრულებისკენ მიმართავთ, ეს მიდგომა დაგეხმარებათ, შეამციროთ ცვლილებებით გამოწვეული სტრესი, დეპრესია და შფოთვა.

თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენს გარშემო არსებული მოვლენების კონტროლი აბსოლუტურად არაა ჩვენს ხელში, ამ დროსაც კი არსებობს სივრცე, სადაც გავლენის მოხდენა ყოველთვის შეგვიძლია. ეს სივრცე საკუთარი თავია.