ემოციური ინტელექტი, ანუ როგორ გადავაქციოთ სამუშაო ადგილი ჯანსაღ გარემოდ

ემოციების გარეშე ცხოვრება დღევანდელ რეალობაში წარმოუდგენელია. ინფორმაციით გადატვირთულობა, მუდმივი ცვლილებები, სამსახურში არსებული კონკურენტული გარემო და ცხოვრების აჩქარებული რიტმი ჩვენში ნეგატიური ემოციების წარმოქმნას უწყობს ხელს. გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე სამყაროში სამუშაო ადგილი ემოციურად ყველაზე რთულ გარემოს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენ მიერ გამოხატული არასწორი ემოციებით კიდევ უფრო ვამძიმებთ. მსგავს სიტუაციაში ერთადერთ გამოსავალს ემოციური ინტელექტის ფლობა წარმოადგენს.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით რომ არსებულ რეალობაში მენეჯერების პროფესიონალიზმზე მათ მიერ ემოციური ინტელექტის ფლობა უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე პროფესიასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარ-ჩვევები. როგორც სხვადასხვა კვლევები გვიჩვენებს, ტიპიური მენეჯერი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის 40%-ს თანამშრომლებს შორის კონფლიქტის, ან სამსახურში დაძაბული გარემოს განეიტრალებაში ხარჯავს. (Washington Business Journal, May 2018).

ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ისეთ მენეჯერებს, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად გაუმკლავდნენ და მართონ ემოციები. ემოციური ინტელექტი აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს რომ განვითარდეს, მომზადებული შეხვდეს ნებისმიერ გამოწვევას და მოტივაციის წყაროდ გადაიქცეს  სხვა თანამშრომლებისთვისაც.

ძალიან ძნელია გუნდის ეფექტური მართვა, თუ არ იცი როგორ აღიქვა და უპასუხო კოლეგების მიერ გამოხატულ ემოციებს. უფრო მეტიც, რთულია სწორად აღიქვა და მართო თამაშრომლების მიერ გამოვლენილი ემოციები, თუ საკუთარი ემოციების გაგება და მართვა არ შეგიძლია.

გთავაზობთ 5 ძირითად რჩევას, რომელიც სამსახურში ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

პირველ რიგში ნუ ინერვიულებთ. სამსახურში წარმოქმნილი ემოციების ნაკადი სრულიად ნორმალურია, სამუშაო პროცესში ემოციების თავიდან აცილება კი წარმოუდგენელი. მთავარია, ისწავლოთ ემოციების სწორად მიღება და შეფასება. სწორად მიღებული და გადაფასებული ემოციები შესაძლოა თქვენ უპირატესობად გადააქციოთ.

ისწავლეთ საკუთარი სხეულის მოსმენა –  თქვენი სხეული როგორც წესი წინასწარ გრძნობს თქვენში წარმოქმნილ ემოციებს, სანამ მათ შესახებ სიგნალები ტვინს მიეწოდება. აჩქარებული გულისცემა, გახშირებული სუნთქვა – თუ თქვენს სხეულში გარკვეული ცვლილებებია, დროა დაფიქრდეთ და ნეგატიური ემოციების „გაფანტვით“ თავიდან აიცილოთ კრიტიკული სიტუაციები.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ინსტიქტებს. ინსტიქტები გვეხმარებიან მივიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები სახიფათო სიტუაციებში. ინსტიქტი – ეს არის ინფორმაციის ძალიან ძვირფასი ნაკადია, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ჩვენს გაფრთხილებას ცდილობს, თუმცა ხშირად მათ ყურადღებას არ ვაქცევთ და ვაიგნორებთ. თქვენში წარმოქმნილი ინსტიქტების მოსმენას თუ ისწავლით, აუცილებლად მზად იქნებით რომ თითოეულ კრიტიკულ თუ ემოციურ სიტუაციას თავი გაართვათ.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს, თუ როგორ აღიქვავთ თქვენს ემოციებს. სცადეთ, რომ ეს პროცესი ჩვევად გადააქციოთ. მოუსმინოთ შეგრძნებებს და ვარაუდებს, საიდან მოდიან ისინი და რამდენად შეეფერებიან სიმართლეს.

დაარეგულირეთ თქვენი ემოციები სამსახურში – ვერანაირად ვერ შეძლებთ უემოციო ინდივიდად ყოფნას, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნეგატიური ემოციების დროს მიღებული გადაწყვეტილებები. მას შემდეგ რაც იგრძნობთ, რომ ნეგატიური ემოციები გიპყრობთ, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს აუცილებლად დაგაწყნარებთ. შემდეგ იფიქრეთ, თუ როგორ შეგიძლიათ განმუხტოთ ნეგატიური ემოციები. რაციონალურ გადაწყვეტილებებზე  ფოკუსირებით თქვენ არამარტო განმუხტავთ ნეგატიურ ემოციებს, არამედ მათ პოზიტიურ ემოციებადაც გარდაქმნით.

ეს ის ძირითადი საფეხურებია, რომელიც ემოციების მართვაში დაგეხმარებათ. მას შემდეგ რაც ამ საბაზო უნარ-ჩვევებს გაიმყარებთ, შეგეძლებათ თქვენი ემოციური ინტელექტის წყალობით სამუშაო ადგილი უფრო ჯანსაღ, ბედნიერ და პროდუქტიულ გარემოდ აქციოთ.