ბახმარო – სამოთხე ზღვის დონიდან 2050 მეტრზე

ყველაზე საინტერესო ამბები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც კარს აღებ და გზაზე გადიხარ. არ აქვს მნიშვნელობა, გეზს საით აიღებ. მთავარია რომ უკვე მოქმედებ და მზად ხარ ახალი ისტორიებისთვის. დღევანდელ სამყაროში ძნელია მოგზაურობისას რამე ახალი აღმოაჩინო. თუმცა არის ამბები, რომელსაც მხოლოდ შენ ხედავ, მხოლოდ შენ ამჩნევ და საკუთარ უნიკალურ თავგადასავალსაც სწორედ ასე ქმნი.

და ჩვენც გეზი ბახმაროსკენ ავიღეთ ახალი შეგრძნებებისა და სახეების აღმოსაჩენად.

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე სიტყვით ჩვენზეც მოგიყვებით. ჩვენ QBQ-ს ერთი “დიდი“ პატარა ოჯახიდან ვართ. ჩვენი ერთიანობით QBQ-ს ყოველდღიურობას ვქმნით და ამით ერთმანეთს ვაძლიერებთ. ჩვენს ოჯახში ყველა საკუთარი საქმის სპეციალისტია, ალბათ ამიტომაც არის რომ ოჯახში სრული იდილია გვაქვს. გვაქვს მომენტებიც როდესაც ვკამათობთ, ჩვეულებრივზე ხმამაღლა და აღელვებულებიც ვსაუბრობთ, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ესაც იმ იდილიის ნაწილია, რასაც გუნდური მუშაობა, გამოწვევების მიმართ მუდმივი მზადყოფნა და „სიცოცხლე“ ქვია.

ამბობენ, რომ მოგზაურობა ადამიანებს კიდევ უფრო აახლოებს. ბახმაროში მოგზაურობის შემდეგ ჩვენც ასე დაგვემართა. ერთმანეთი სულ სხვა მხრიდან აღმოვაჩინეთ და საერთო თავგადასავალმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. 

ბახმაროში მოგზაურობა HR HUB-ის კონკურსის ფარგლებში გადავწყვიტეთ. ამბობენ, ბახმაროში 21 დღე უნდა გაატარო, თუ გინდა რომ სისხლის ფორმულა გაიუმჯობესო და მთელი წლის სამყოფი ჟანგბადი და მინერალები დააგროვო, თუმცა სამი დღეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი წლის სამყოფი ემოციებით დავბრუნებულიყავით.

მოგზაურობის საუკეთესო დეტალები ემოციებშია. სწორედ ამიტომ რამდენიმე კომენტარს გაგიზიარებთ, თუ რას ველოდით ბახმაროსგან და რეალურად რა მივიღეთ. მოგზაურობის უპირატესობაც ხომ ის არის, რომ წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს დავუპირისპიროთ.

თამარ ჩანკვეტაძე: 

თაკო

ბუნების ხმა, ნისლი, სუფთა ჰაერი, სიცივე და პატარა სახლში შეშის ტკაცუნის ხმა საყვარელ ადამიანებთან ერთად ადამიანს კიდევ რა უნდა ბედნიერებისთვის?!

ბახმაროში ერთად გატარებულმა წუთებმა, კიდევ ერთხელ დამანახა თუ რამდენად ლამაზია ჩვენი ქვეყნის ბუნება, რამდენი რამ მაქვს სანახავი კიდევ და რამხელა სიამოვნება მელის წინ.

ვანო ქავთარაზე:

ვანო

ნამდვილი ბუნება უნდა წაიკითხო! ბახმარო ბურუსში გახვეული დაგხვდა… საკუთარი სილამაზით მოხიბლულმა ბოლომდე არ დაგვანახა და არ ამოწურა თავისი თავი ჩვენს წინაშე.  ცოტახანში მზემაც გამოანათა და ამან შესაძლებლობა მომცა გავხსნილიყავი მის მრავალფეროვნებასთან, რათა შემეგრძნო რეალობა ისეთი, როგორიც ის არის და არა ისეთი, როგორადაც ჩვენი უხეში ჩარევის შედეგად ვაქცევთ მას. 

შევიგრძენი გარემო, რომელსაც  ჰქვია „ბახმარო”. 

თათია ბაზაძე 

თათია

მეგონა ფოტოებით და ისტორიებით გაბუქებული ადგილი იყო, მაგრამ როგორც კი გურიაში გადავუხვიეთ და ბახმაროსკენ მიმავალ გზას დავადექით სულ სხვა სილამაზე და საქართველო გადაიშალა ჩემ თვალ წინ.

ნამდვილად არ მოველოდი იმ სილამაზეს და სიმშვიდეს რაც მე დამხვდა.

რამინ სურმანიძე

რამინი

ამჯერად ბახმაროში მოგზაურობისას განსხვავებული ემოცია მქონდა.

ბახმარო ყოველ ზაფხულს უფროდაუფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნოა როგორც ბუნებით, ასევე იქ მყოფი დამსვენებლებით.

რაც შეეხება ჩემს ემოციას, ეს ძირითადად მოდიოდა ჩემი გუნდის წევრების ემოციებისგან და ვიყავი ბედნიერი, რომ ბახმაროში (ბახმარო რამინის სამშობლოა) მოგზაურობა მათთვის ჰარმონიის და ბედნიერების მიმნიჭებელი აღმოჩნდა.

მაკა მჟავანაძე

მაკა

ბუნებასთან სიახლოვე კიდევ უფრო ახლოს გაჩვენებს იმ ბარიერებს, რაც შეიძლება საქართველოში ტურისტს დახვდეს, თუნდაც გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მომსახურება, რომელიც ეტაპობრივად, საკუთარი ძალებით შეგვიძლია შევცვალოთ და ტურისტებს თავი ორმაგად, სამმაგად მოვაწონოთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ბახმაროში ხშირად ვყოფილვარ, ამ მოგზაურობისას სულ სხვა თვალით შევხედე და საოცარი ემოციებით დავიმუხტე. 

ირაკლი ხარშილაძე

ირაკლი

როგორია ფოტოგრაფის თვალით დანახული ბახმარო? სრულიად განსხვავებული, იდუმალი, ძალიან რეალური და „სახეებით“ მდიდარი.

ბახმაროში მოგზაურობის შემდეგ გადავწყვიტე, პორტრეტების მიმართულებით მოვსინჯო ჩემი შესაძლებლობები და ჩემს ფოტოობიექტივში რაც შეიძლება მეტი განსაკუთრებული „სახე“ დავაფიქსირო.

ბახმაროში მოგზაურობისას ადგილობრივების მიპტიჟებაზე უარი არ გვითქვამს და როგორც ჩანს, კარგადაც მოვიქეცით. იქაურმა ხელმარჯვე დიასახლისმა სახელდახელოდ გაგვიშალა სუფრა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. ბახმაროში კერძის მომზადებისას ყველაზე პოპულარული ინგრედიენტები ნაღები, ყველი, კარაქი და მჭადის ფქვილია. რაც შეეხება კერძების წარმომავლობას, ძირითადად მთიანი აჭარიდან მოდის და ისეთი სახელებით არის ცნობილი, როგორიცაა: კაიმაღი, ნაღბიბორანი, ხავიწი, იაღლიმჭადი, ჰასუთა და ა.შ.

ბახმაროში ტურისტული სეზონი ძირითადად სამი თვის განმავლობაში, ანუ ზაფხულის მანძილზე გრძელდება. მთის კალთებზე შეფენილი ხის კოტეჯები სავსეა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლებით.

სეზონის დასრულება ფერისცვალების დღეს, 19 აგვისტოს დოღით აღინიშნება. აქაური ახალგაზრდები ცხენებს ამზადებენ დოღში გამარჯვების მოსაპოვებლად, იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მზადდება ადგილობრივი კერძები და მთელ ბახმაროს სადღესასწაულო განწყობა მოიცავს. დოღის დასრულების შემდეგ ბახმაროში პასიური სეზონი იწყება. დაცარიელებული კოტეჯები მომავალ ზაფხულს და ახალ დამსვენებლებს ელიან. მანამდე კი ისღა დარჩენიათ, ნისლიან ბახმაროში მზის ჩასვლა-ამოსვლა დაითვალონ და მომაჯადოვებელი ბუნების წიაღში არხეინად ჩასთვლიმონ.

ბლოგის დასასრულს გთავაზობთ ფოტოისტორიებს, რომელიც სიტყვებზე მეტია.